რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ამტკიცებენ, რომ "დივერსიული ჯგუფის" ძებნა გრძელდება. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „Апсны.Иахьа“ ავრცელებს. პროპაგანდისტული ცნობები 8 ნოემბრის საღამოდან ვრცელდება.
„გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში დივერსიული ჯგუფის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უშიშროების ძალების წარმომადგენლები წავიდნენ სოფელში ინფორმაციის გადასამოწმებლად,“ - განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შს მინისტრმა რობერტ კიუტმა. ამასთან, ამტკიცებენ, რომ „უშიშროების ძალები“ მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ სამძებრო სამუშაოებს და ამოწმებდნენ ტერიტორიას. სამუშაოებში ჩართული იყო ქვეითი დანაყოფები და ავიაცია. რობერტ კიუტის თქმით, „არსებული ნიშნებით, დივერსიული ჯგუფის კვალი არ აღმოჩენილა, ძებნა გრძელდება.“
ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გარდა, ადგილზე არიან „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“ დიმიტრი დბარი, „თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე" ბესლან ცვიჟბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე" თემურ აჰიბა, „პარლამენტის თავმჯდომარე" ლაშა აშუბა, „პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე" თემურ შერგელია.
„საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ“ თავდაპირველად კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის „ტელეგრამ“-არხმა Соловьев LIVE-მა დაწერა. როგორც ის აღნიშნავდა, ჯგუფის შესვლის მიზანი „სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა" იყო. მოგვიანებით, Соловьев LIVE-მა ცნობა წაშალა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „აფხაზეთის ძალოვანი უწყებები მთებში ეძებენ რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანს". მონადირეებისგან მიღებული მონაცემებით, „მათ უცხოური იარაღი აქვთ, აცვიათ შავი ფორმა, უკეთიათ ნიღბები და კარგად არიან ეკიპირებული“.
პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია 7 ნოემბერს "სამუშაო ვიზიტით" გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობაში.